"ენერჯაიზერი" #2 "ხუთი კუნძული"


   სახალისო თამაში ნომერი 2, მეგობრებო! ამ თამაშში საჭიროა 10 ადამიანი მაინც და საკმაოდ გაშლილი სივრცე. ცარცის ან სხვა საშუალებების მეშვეობით შექმენით 5 კუნძული
, რომლებიც ზომით არც ისეთი დიდი უნდა იყოს, რომ ყველა მოთამაშე ჩაეტიოს თავისუფლად, თუმცა არც ისეთი პატარა, რომ მოთამაშეების ნახევარმა მაინც ვერ შეძლოს ერთდროულად გაჩერება. კუნძულები ისე განალაგეთ ერთმანეთთან, რომ სხვა კუნძულზე გადახტომა ყოველთვის შეიძლებოდეს. (სასურველი იქნება თუ დანომრავთ ამ კუნძულებს, ან უკეთესი თუ სახელებს დაარქმევთ 😊 )
   წამყვანმა მოთამაშეებს უნდა სთხოვოს საცხოვრებლად ნებისმიერი კუნძულის არჩევა და ცხოვრება თავისთვის მიედინება... ნებისმიერ სასურველ დროს წამყვანმა უნდა დაასახელოს ნებისმიერი სასურველი კუნძული და განაცხადოს, რომ იგი იძირება... მოთამაშეებმა 3-5 (მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით) წამის განმავლობაში უნდა მოასწრონ სხვა კუნძულზე გადასვლა. ვინ ამ დროის განმავლობაში ვერ დატოვებს განწირულ კუნძულს ან მცდელობისას წყალში აღმოჩნდება, ეთიშება თამაშს.
   საბოლოოდ ყველა "გადარჩენილი" მოთამაშე ერთ კუნძულზე აღმოჩნდება... (დამიჯერეთ ძალიან სასაცილო სანახავია 😆 )

პ.ს. იმისათვის, რომ მონაწილეებს ერთმანეთის გადარჩენის სტიმული ავუმაღლოთ, თითო "დაღუპულ" მოთამაშეზე დაუწესეთ ჯარიმა გუნდს, ან უბრალოდ ჩამოაკელით ნაწილი საერთო პრიზს. მაგალითად: თამაშის მერე თუ 10 მოთამაშე იღებს 10 ღვეზელს, 4 მოთამაშის "დაღუპვის" შემთხვევაში, 4 ღვეზელი მოაკლდებათ და მოუწევთ 6 ღვეზელის გადანაწილება ყველა მოთამაშეზე 😆 (არც თუ ისე კეთილშობილური საქციელია, თუმცა ენერჯაიზერი ნამდვილად ძალიან მაგარი გამოვა 😊 ).

No comments:

Post a Comment