მოგესალმებით... ზოგი ადამიანი "ბედნიერ" ელფს მეძახის, ეს სახელი მომწონს, მაგრამ ჩემი ზუსტი დახასიათება ნამდვილად არაა. მარტივად რომ ვთქვათ, მე ადამიანების გაბედნიერება მახარებს, მომწონს როდესაც ერთობიან, თამაშობენ, იღიმიან... ესაა ჩემი ცხოვრების აზრი და თქვენს მიერ უკვე ნანახი ბლოგიც სწორედ ამას ემსახურება!
უამრავი საშუალება არსებობს ადამიანების გასამხიარულებლად, ისინი მარტივები არიან ( საწყენად ნუ მიიღებთ, მე ეს მომწონს <3 ), თუმცა მე ვირჩევ ყველაზე კეთილ და უწყინარ გზებს, როგორიცაა თამაშები. მათგან მხოლოდ აზარტული თამაშები მეზიზღება, რადგან ადამიანებს "ართობს", მაგრამ არასოდეს არ ახარებს, გამარჯვების დროსაც კი. ის წითელი ნექტარივითაა, როდესაც მიირთმევ, გგონია რომ ძალიან კარგად ხარ, მხიარული, ნასიამოვნები... მაგრამ ზემოქმედებიდან გამოსვლის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებს.
ჩემი აზრით, სრულყოფილი თამაში ისაა, რომელიც ყველა ადამიანს ასიამოვნებს, იმის მიუხედავად იგი გამარჯვებით დამთავრდა თუ დამარცხებით. ასეთი თამაში ძალიან ცოტაა, უფროსწორად რომ ვთქვათ, არ არსებობს! თუმცა რაც უფრო დაშორებულია თამაში სრულყოფილებისაგან, მით უფრო უინტერესოა ჩემთვის. სწორედ ამიტომ, სპორტი ჩემთვის არასასურველია, რადგან დამარცხებას ხშირად ძალიან ძლიერი წუხილი მოჰყვება ხოლმე... რაც შეეხება სხვა დანარჩენს, მე მიყვარს თამაშები! ამის გამო ხშირად დამცინოდნენ, ელფებში ეს მიღებული არაა, ჩემს მხარეში თამაში არავის უყვარს. ხუმრობით ჯუჯასაც კი მეძახდნენ, რადგან მათ ძალიან უყვართ თამაშები, ხოლო ჯუჯა-ელფები პროფესიონალები არიან ამ საკითხში.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე არც ჯუჯა ვარ, არც ჯუჯა-ელფი. ერთი უბრალო ელფი ვარ, რომელსაც თამაში და ადამიანები ერთნაირად უყვარს. ამიტომ ჩვენ საუბარი გვექნება ვიდეოთამაშებზე, ინტელექტუალურ თუ უბრალოდ მეგობრების წრეში გასართობ თამაშებზე, ოცნებებზე, წიგნებზე, მომავლის თამაშებსა და მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერზე, რაც დროებით, მაგრამ მაინც, ბედნიერებას გვანიჭებს, გავყავართ რეალური სამყაროდან, გვაკარგვინებს ტკივილის აღქმას, ან უბრალოდ გვსიამოვნებს...
პ.ს. შემომიერთდით და იაქტიურეთ! მე სიხარული მწყურია!
No comments:
Post a Comment