Arx Fatalis



  Arx Fatalis - "ბოლო ციტადელი". ძველი მაგრამ ძალიან საინტერესო თამაში, რომელიც 2002 წელს გამოუშვა კომპანია "Arkane studios"-მა. უხარისხო გრაფიკის და დაუხვეწავი მექანიკის მიუხედავად, დღესაც სიამოვნებით ვატარებ დროს ამ თამაშთან, რადგან გააჩნია "მომაჯადოვებელი" სიუჟეტი, რაც მთავარია, მოვლენების განვითარება მოთამაშეზეა დამოკიდებული, ვინაიდან ხშირად მოგიწევთ ფიქრი იმის შესახებ თუ რისი გაკეთება შეიძლება შემდგომ, რათა მიზანი მიაღწიოთ. ჩემი რჩევა იქნება ეს თამაში ითამაშოთ იმ ენაზე, რომელიც გესმით (ქართული არაა ხელმისაწვდომი) იმიტომ, რომ დიალოგებიდან და სხვადასხვა ჩანაწერებიდან აზრის გამოტანის გარეშე, სიუჟეტის ნახევარსაც ვერ დაფარავთ.




თამაშში შექმნილი სრულიად ახალი სამყარო, სხვადასხვა რასებითა და მოვლენებით. სამყაროში, სადაც მზე აღარ არსებობს, ყველა რასამ აიშენა მიწისქვეშა თავშესაფარი, მათ შორის ადამიანებმა, ქალაქი "არქსი". საინტერესო ისაა, რომ თამაშის დაწყებისას თქვენ არ იცით ვინ ხართ, ან საიდან აღმოჩნდით გობლინების საპყრობილეში. როგორც ჩანს, თქვენ მეხსიერება დაკარგეთ და პირველი მიზანი სწორედ ციხიდან გაქცევაა, თქვენი საკნის მეზობელთან ერთად, რომელიც დაგარქმევთ "ამ შეგარ"-ს, რაც უსახელოს ნიშნავს... სწორედ ამ საპყრობილეში იშოვით პირველ რესურს საკვებისა და ხელსაწყოების სახით, ასევე უბრალო ტყავის აბჯარს და პირველ იარაღს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ქალაქ "არქსში" ჩასვლის შემდეგ იწყება.




არქს ფატალისის სამყარო სავსეა საინტერესო მოვლენებით თუ ადგილებით, თქვენ შეხვდებით საიდუმლო სექტებს, ტროლებს, გველ-ქალებს, იდუმალ მებრძოლებს და ა.შ. მთავარია არასოდეს დამარცხდეთ ბრძოლაში თუ ინტელექტში, მიაღწიეთ მიზანს! მაგრამ არ დაგავიწყდეს ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ ჩაიწეროთ (F5) თქვენი პროგრესი.




აღსანიშნავია მექანიკის მრავალფეროვნება, ამ თამაშში თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ საკვები, გამოაცხოთ პური, გამოჭედოთ ან გაარემონტოთ თქვენი აღჭურვილობა, მოიპაროთ ნივთები, იყიდოთ, გაყიდოთ და მრავალი სხვა! რაც მთავარია, შეგიძლიათ ისწავლოთ მაგიური სიმბოლოები და მტრები დაამარცხოთ, ან თავი დაიცვათ მაგიური ენერგიის მეშვეობით. თუ ისურვებთ გახდებით მებრძოლი, თუ ისურვებთ გახდებით მაგიკოსი, შემგროვებელი, ვაჭარი, ქურდი და ა.შ. ამ ყველაფერს უზრუნველყოფს თამაშში ნივთების მრავალგვარობა და პერსონაჟის შესაძლებლობები, რომლებსაც მოთამაშე არჩევს, მიღწეული პროგრესის შესაბამისად:




თუ თქვენთვის მთავარია თამაშის აზრი და შეგიძლიათ გრაფიკა უგუნებელყოთ, ამასთანავე არ გეშინიათ გონებრივი დაპირისპირების, აუცილებლად უნდა სცადოთ! ვინც შეძლებს სიუჟეტის ბოლომდე გავლას, ჩათვალეთ რომ თქვენი ინტელექტი საშუალოზე ბევრად მაღალ დონეზეა. ჩემი რჩევა იქნება გაუფრთხილდეთ ადგილს ჩანთაში, აიღეთ მხოლოდ ისეთი ნივთები რაც აუცილებლად გამოგადგებათ ან ძვირად გაყიდით, ხოლო ადგილის განთავისუფლების მიზნით, გამოიყენეთ ყველაფერი როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ. მაგალითად: თუ გაქვთ ფქვილი და წყალი, როგორც კი ნახავთ ადგილს სადაც პურის გამოცხობა შეგიძლიათ, გამოაცხვეთ, რადგან პური 1 კვადრატს იკავებს, მისი რესურსი კი 2ს. ამგვარი მოქმედება ხშირად ძალიან ბევრ ადგილს გაგითავისუფლებთ. რაც მთავარია უნდა მოემზადოთ საბოლოო ბრძოლისთვის, განადგურების ღმერთის წინააღმდეგ!





გისურვებთ სასიამოვნო თამაშს!

No comments:

Post a Comment